თავისუფალი სიტყვის ფასი საქართველოში
თეონა ხურცილავა
„...გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს... მუცელში მცემდნენ, თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო... კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა... ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ; მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს... ლანცეტით მაწამებდნენ... სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ... ვიხრჩობოდი... იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა, კბილები დამემსხვრა... პირსახოცი სისხლიანი იყო.“
ეს სიტყვები ეკუთვნის ქართველ ჟურნალისტს ნაზი შამანაურს, რომელიც წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის ფიზიკური განადგურების ნათელ მაგალითს, ნაზი შამანაური საბჭოთა კავშირის რეჟიმის წინააღმდეგ წავიდა. დუშეთში გამეფებულ უსამართლობას დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებით დაუპირისპირდა. მან მოაგროვა ყველანაირი ფოტო თუ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ დუშეთის რაიონში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და ადგილობრივებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე არავინ ზრუნავდა.
“ხალხო, გატყუებენ, ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს, სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს, რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება.” ეს სიტყვები ქართველი ჟურნალისტისთვის საბედისწერო გახდა და 1983 წელს საბჭოთა რეჟიმმა სასტიკი წამებით იმსხვერპლა , სადაც ინფორმაციის კონტროლი და თავისუფალი სიტყვის განადგურება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა.

«

ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას საქართველოში ყველა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი. ამ წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას 53 ჟურნალისტი ფიზიკურად დაშავდა, ერთი მათგანი კი დაშავებიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფები აქციას კვირების განმავლობაში აანონსებდნენ, სახელმწიფოს პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებია. ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი მოწოდებები ისმოდა პრორუსული და ანტილიბერალური გადაცემიდან „ალტ-ინფო“. 5 ივლისის ღირსების მარშის ჩაშლისთვის, წამყვანები და სტუმრები ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. მწვავედ ისმოდა ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები.



„5 ივლისს წყდება ქვეყანაში ვისი წესები მოქმედებს: მოღალატე პოლიტიკური პარტიების, ენჯეოების, მედია საშუალებების, უცხოელი პატრონების თუ ჩვენი. ისინი ჩვენ მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე. ვაპირებ საკუთარი ღირებულებების ძალით დაცვას“- ზურა მახარაძე, ალტ ინფოს წამყვანი


ძალადობრივი ჯგუფების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებების მიუხედავად, პრემიერ მინისტრმა, 5ივლისს , მათ ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი

აქციაზე მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ისე სასულიერო პირებიც. სწორედ მათი სამიზნე გახდა ფორმულას ჟურნალისტი რატი წვერავაც, რომელსაც კითხვის დასმაც არ აცალეს ისე გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე.
"5 ივლისს პოლიციელების ძალიან მცირე რაოდენობა, დაგვიანებული რეაგირება და ესკალაცია იყო", ამბობს ჟურნალისტი.
ყველაზე ტრაგიკული ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხვედრი აღმოჩნდა. მას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას "თბილისი პარაიდის" მოწინააღმდეგეები, სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე ლექსო ლაშქარავამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ურტყამდნენ თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც განუვითარდა ტვინის შერყევა, ფუძე ძვლის მოტეხილობა, თვალის ძვლის დაზიანება და მხედველობის 30%-ით შემცირება. ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისთანავე სამართალდამცავებმა გვამი პოლიეთილენის პარკში მოათავსეს და სწრაფად ჩაიტანეს კიბეებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შუალედური ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, ლექსო ლაშქარავას სისხლში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი ყოფილიყო ზედოზირება. ამასთანავე, სოციალურ ქსელში ძალადობრივი ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ გარდაცვლილის დისკრედიტაციას.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს რომ, ძალადობრივ ქმედებებს ჰყავდათ თავისი ორგანიზატორები, წამქეზებლები, იდეოლოგები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ეძალადათ მათგან განსხვავებულებზე. მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ორგანიზებული ძალადობის შედეგია და პასუხისმგებლობა ენიჭება სახელმწიფოს, რომელმაც მიუხედავად ძალადობრივი მოწოდებებისა არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები.

ლექსო ლაშქარავა - გარდაცვლილი ჟურნალისტი


«




მას შემდგომ, რაც 53 ჟურნალისტზე იძალადეს, დაკავებულია 28 პირი. 16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერების, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილის, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა და ყველა მათგანი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. დაკითხეს სასულიერო პირი, სპირიდონ ცქიფურიშვილიც, რომელიც რუსთაველის გამზირიდან ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, ძალადობრივი ჯგუფების არცერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი არ არის დაკავებული.
მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა დიპლომატიური კორპუსიც. 20 მდე წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გააკეთა და სახელმწიფოს ჟურნალისტების დაცვასა და საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო
აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. ასევე ხელისუფლების
ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. ის ვინც აქეზებს,
იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის
საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფაში სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.
მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა.“
არსებული ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი ძალადობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის დასაცავად. სამართალდამცავებმა, რომლებსაც ევალებოდათ, საკუთარი მოქალაქეების დაცვა ჰომოფობიურად განწყობილი მოძალადე ჯგუფებისგან, ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხოება.

«
2007 წლის 7 ნოემბერი - ტელეკომპანია "იმედის" დარბევა
კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის ფაქტებს ვხვდებით სხვადასხვა ხელისუფლების დროს,. 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში შევიდა და ძალის გამოყენებით ჟურნალისტებს შენობა დაატოვებინა. რის შემდეგმაც, ტელკომპანია იმედმა მაუწყებლობა შეწყვიტა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებდა და მისთვის "იმედი" ინტერესის ობიექტი იყო, საფრთხეს ხედავდა და სურდა, ყველა ტელევიზიას ხელისუფლების შესახებ ელაპარაკა. იმ პერიოდში ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურს გიორგი ბერიძე ხელმძღვანელობდა, ის ამბობს, რომ სპეცრაზმის შემოჭრის გეგმა მაშინდელმა ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრე მოამზადა, მთავარი მიზეზი კი ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური გეგმები გახდა . პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება თავს ესხმის ტელეკომპანია ”იმედს”, რადგანაც ის ”მართალი სიტყვის შუქურაა”.
7 ნოემბრს „იმედის“ ეთერი ბოლო წუთებში ჟურნალისტს გიორგი თარგამაძეს მიჰყავდა
გიორგი თარგამაძე დღეს ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილეა, რომელიც კრიტიკულ მედიას წარმოადგენს და 5 ივლისის მოვლენებისას, ამ არხის რამოდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. მას ვკითხეთ, თუ რა პარალელს გაავლებდა 5 ივლისისა და 7 ნოემბრის მოვლენებს შორის. მისი თქმით, ორივე ძალიან მძიმე მოვლენას წარმოადგენს, თუმცა 5 ივლისის მოვლენებმა 7 ნოემბრისგან განსხვავებით რამდენიმე დღეს გასტანა და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით არ იაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ აკისრიათ და არცერთი თანამდებობის პირი არ გადადგა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან.
ტელეკომპანია „იმედი“, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შედგომ, მის ოჯახს ჩამოართვეს. 7 ნოემბრის მოვლენები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დასრულდა. გამოძიება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 2012 წელს შეცვლილმა ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედი“მფლობელს დაუბრუნა.2014 წლის 28 ივლისს, მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წარუდგინეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა 2014 წლის 1 აგვიტოს შე­ე­ფარ­დათ.
არსებული ფაქტებიდან გამომდინარე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, შეიძლება ითქვას რომ მმართველი ძალისთვის კრიტიკული მედიის არსებობა მიუღებელი იყო, რაზეც მოწმობს დარბევის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ გადასვლა მმართველი ხელისუფლების ხელში. აღნიშნული შეცდომები ვერ/არ გაითვალისწინა ქართულმა ოცნებამ, კრიტიკულ მედიაზე კვლავ ხდება ზეწოლა სხვადასხვა ბერკეტებით როგორიცაა: მფლობელებისა თუ დირექტორების ცვლილება და მათი სამართლებრივი დევნა, ფინანსების შეზღუდვა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ

«
2001 წელი - გიორგი სანაიას მკვლელობა 
ქართული მედიის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ტრაგიკული მოვლენა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობაა. 2001 წლის 26 ივლისს, გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი გარემოებები და მოწმეთა ჩვენებები, ჟურნალისტის მკვლელობის აშკარა პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებდა. გამოძიებამ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად შეაფასა და პასუხისგებაში გრიგოლ ხურცილავა მისცა და საქმისთვის ვექტორის შეცვლა მოხერხდა. გიორგი სანაიას 2001 წელს ჟურნალ „ბომონდში“ ირიბად დაუსვეს კითხვა სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რაც კარგი ხერხი იყო საზოგადოებაში იმიჯის შესალახად და მის გასაშავებლად. რუსთავი-2"-ის იმჟამინდელი ადვოკატის თქმით, ყურადღება არ მიაქციეს პურის გამყიდველ ქალბატონს ნათელა ქართველიშვილს, რომელიც აცხადებდა, რომ 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაიას ბინაში სინათლე მაშინ აინთო, როდესაც გიორგი ჯერ კიდევ არ იყო სახლში დაბრუნებული. ქართველიშვილის ნაამბობიდან ურთიერთსაპირისპირო აზრები ამოკრიფეს და დაასკვნეს, რომ მას ბინაში სინათლის ანთების დრო აერია. ნათელა ქართლელიშვილმა მუქარების გამო საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.
„წამოვედი სოფელში, ყოველთვის შიშის ქვეშ ვიყავი, ყოველთვის ვიღაცა მოდიოდა, მაშინებდა და მეუბნებოდა რატომ ილაპარაკე, ენა რატომ არ გააჩერეო“.
ჟურნალისტი კლარა აბრამია: “სანაიას ჰქონდა ვიდეოფირები,როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან, დიდძალი ნარკოტიკი, როგორ ასაწყობებდნენ მას მაუდკამვოლის ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ, ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე. გიორგი სანაია იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული და სერიოზული მასალები მოაგროვა. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია”.
საქმის ვითარება შეცვალა პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა და განაცხადა, რომ სანაიას მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა, მისი მტკიცებით, გიორგი სანაია შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, დამკვეთებს შორის კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს ასახელებს. ციხისთავის თქმით, მაშინდელმა მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობის მოტივი გააყალბა. პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომელიც პროკურატურამ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია და დაკითხვების სერია დაიწყო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო (განზრახ მკვლელობა).

«

CPJ(Committee to Protect Journalist)–ის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 1992-2021 წლებში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა შეადგენს 1414-ს. მკვლელობების უმრავლესობა ხდება არადემოკრატიულ ან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ქვეყნებს შორის ფიგურირებს საქართველო 2021 წელის 11 ივლისს მოკლული ალექსანდრე ლაშქარავა და 2001 წელის 26 ივლისს მოკლული გიორგი სანაია.

“საერთაშორისო დეკლარაცია ჟურნალისტთა დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის, მუქარისა და თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს უწყობს ჟურნალისტებზე ძალადობის წაქეზებას და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე. გარდა ამ ჩანაწერისა მედიის საქმიანობის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით.
მიუხედავად ამ კანონებისა, კრიტიკული მედია საქართველოში ყოველთვის იყო ხელისუფლების ინტერესის მთავარი ობიექტი. ყველა ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კრიტიკული მედიის მისამართით არაკანონიერ და ძალადობრივ ქმედებებს. 2001 წლიდან 2021 წლამდე ქართულმა მედიამ გადაიტანა, ჟურნალისტების მკვლელობა, საკანონმდებლო თუ ფიზიკური ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, მედიის საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავები, ცალკეული ჟურნალისტების დაკავება, შანტაჟი, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
ჟურნალისტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დაუსჯელობის სინდრომი იწვევს მედია გარემოს გაუარესებას და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელება საფრთხის შემცველია.


This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website